თეგი: ბრალის წარდგენა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის შესაძლო ფიგურანტებს, ძმებ კაკულიებს პროკურატურამ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, დავით და გუგა კაკულიებს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი 27 მაისს ვაკეში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე კაცის განზრახ მკვლელობას აპირებდნენ. "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში", - განაცხადა საქმის პროკურორმა. ძმებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" და მეორე მუხლის "ე" ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წაუყენეს. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. „შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან მათი შესაძლო შემხებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, ბრალდებულების მიერ სომხეთში დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 29 მაისს დილით ორთაჭალაში ძმები დავით და გუგა კაკულიები დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი, შესაძლოა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ. მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ცნო და მათ განაჩენი გამოუტანა. ძმები „კრიმინალური ავტორიტეტის“, მეტსახელად დათო ტბილისკის შვილები არიან, რომელიც მოსკოვში საკუთარ ავტომობილში დაახლოებით 20 წლის წინ ააფეთქეს.  

პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით დევნის გამო ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით, ძალადობის გამოყენებით დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, „ტვ პირველის“ ოპერატორი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების, კერძოდ, პირდაპირი ეთერში რესპონდენტის ჩართვის მიზნით, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. „პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, ოპერატორმა ადგილზე განათავსა ტელეკომპანიის კუთვნილი ვიდეოკამერა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს ხელში ეჭირა „ტელეკომპანია პირველის“ ლოგოს გამოსახულებიანი მიკროფონი, რა დროსაც მათთან მივიდნენ ბრალდებულები, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც გამოიხატა ტელეკომპანიის თანამშრომლის მისამართით სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით და გინებით. სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, ბრალდებულებმა მრავალჯერადი დარტყმით „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებულები 21 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ „მთავარი არხი" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი ოფიციალუად წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  საქართველოს პროკურატურამ, მას ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, წარუდგინა. უწყება სასამართლოს, დაკავებულთან მიმართებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „გვსურს გამოვეხმაუროთ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას და განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, რა დროსაც მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მას ბრალდება 2022 წლის 18 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ -4 ეპიზოდი). პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, პროკურატურა განმარტებებს აკეთებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მასალის შესახებ, სადაც არასრულწლოვან ბავშვზე ძალადობაა ასახული. „რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ფაქტი ჩადენილია უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ასევე უცხო ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქის მიმართ,რაზეც არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.  

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს ბრალი წარუდგინა. თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალებს ავრცელებს პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. „საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 იანვარს, ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ა.შ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ა.შ.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია განცხადებაში.  

პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, პაციენტი ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი  სამედიცინო ისტორია გაიხსნა. პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი - „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები. 2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო  მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა  სამედიცინო ისტორიაში მოათავსა. უფროს ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება). პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.